geo eng
ტრენერების ტრენინგი თემაზე - „გენდერულად მიუკერძოებელი სასწავლო პროცესი“

2016-11-30

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ  ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის აღსანიშნავად დაიწყეს ტრენინგების ციკლი  გენდერულად მიუკერძოებელი სასწავლო პროცესის თემაზე, რომლის მიზანია განავითაროს სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლების  გენდერული კომპეტენციები.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში 26-27 ნოემბერს ჩატარებულ პირველ ტრენინგს დაესწრნენ მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერები.

სატრენინგო პროგრამაში ყურადღება გამახვილებული იყო ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: გენდერული განსხვავებები და თანასწორობა, გენდერულად მიუკერძოებელი და არადისკრიმინაციული სასწავლო პროცესის წარმართვა, გენდერულად მგრძნობიარე და არა-სტერეოტიპული მიდგომები; ტრენინგის მონაწილეებმა აგრეთვე ივარჯიშეს გენდერული ანალიზის შესრულებაში, შეძენილი ცოდნის რეფლექსირებასა და შემდგომი გამოყენების დაგეგმვაში.

„ტრენინგი დამეხმარა აღმომეჩინა მრავალი ფარული სტერეოტიპი და ახლა ჩემში ვხედავ პიროვნულ ცვლილებას“;

„ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია ძალიან გამომადგება, ბევრ საკითხზე სხვაგვარად დავფიქრდე“;

„ტრენინგის საშუალებით მე დავამყარე ახალი პროფესიული კავშირები და გავეცანი ისეთ სატრენინგო ტექნიკებს, რომლებსაც ჩემს პროფესიულ საქმიანობაში გამოვიყენებ“ - ასეთი იყო ტრენინგის შეფასება მონაწილეების მიერ.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გენდერულ უთანასწორობას მიიჩნევს ეკონომიკის ზრდის და სიღარიბის აღმოფხვრის ერთ-ერთ დამაბრკოლებელ ფაქტორად. გენდერული და სოციალური თანასწორობის ასპექტები გათვალისწინებულია კომპაქტის ფარგლებში დაგეგმილი პროგრამების განხორციელების ყველა ეტაპზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას თანასწორი წვდომა კომპაქტის რესურსებზე.