geo eng
შეხვედრების ციკლი გენდერულ თანასწორობაზე განათლებაში

2016-11-18

მონაცემების განმხოლოების მნიშვნელობა კვლევებისა და შეფასებებისთვის

განმხოლოებული მონაცემების წარმოებისა და გამოყენების მნიშვნელობა ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების, პოლიტიკის შემუშავებისა და სერვისების დასაგეგმად, აგრეთვე ეროვნული და საერთაშორისო  შეფასებების შედეგების განხილვა წარმოადგენდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული შეხვედრის მიზანს  2016 წლის 18 ნოემბერს. შეხვედრას, რომელიც მოეწყო შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, ესწრებოდნენ გენდერისა და ქალთა უფლებების სპეციალისტები, მკვლევრები, სამოქალაქო სექტორისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც მოღვაწეობენ განათლებისა სტრატეგიული დაგეგმვისა და პოლიტიკის შემუშავების დარგში.    

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კვლევებისა და შეფასებების სამმართველოს უფროსმა, მზია წერეთელმა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ქვეყნის დირექტორის მოადგილემ, სონია შარიგიანმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ივა მინდაძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევების კოორდინატორებმა გენდერულ და სოციალური ჭრილში წარმოადგინეს მათემატიკაში სახელმწიფო შეფასებისა და სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევის შედეგები ანალიზი.

„მხოლოდ გოგონებზე ფოკუსირებული და სქესის ნიშნით გამხოლოებული მონაცემების შეგროვებით, ანალიზით და მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებით შევძლებთ გოგონებისა და დაუცველი ჯგუფების წინაშე არსებული გამოწვევების, სირთულეების დანახვას, მიღწევების აღიარებასა და პრობლემების საპასუხო ღონისძიებების დაგეგმვას“ - თქვა ქეთევან მამინაიშვილმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის გენდერული და სოციალური საკითხების დირექტორმა.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ხელს უწყობს მონაცემთა გამოყენების უნარების განვითარებას, სახელმწიფო და საერთაშორისო კვლევების განხორციელებას, რაც თავის მხრივ არსებითად გააძლიერებს სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორის უნარებს მონაცემებზე დაყრდნობით განსაზღვრონ პოლიტიკა" - აღნიშნა თავის გამოსვლაში მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ტრადიციული შეხვედრების ციკლი ეწყობა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ განხორციელებული მეორე კომპაქტის ფარგლებში, რომელიც ემსახურება ქვეყანაში სიღარიბის დაძლევას და ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევას ადამიანური კაპიტალის გაძლიერების გზით.