geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი გოგონების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

2016-10-11

11 ოქტომბერს მსოფლიო აღნიშნავს გოგონების საერთაშორისო დღეს. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო უერთდება 2016 წლის გოგონების უფლებების დაცვის გლობალურ მოძრაობას, აღიარებს მნიშვნელოვან მიღწევებს და ხაზს უსვამს იმ გამოწვევებს, რომლებსაც გოგონები აწყდებიან მთელ მსოფლიოში.

ამ თარიღის აღსანიშნავად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს ერთობლივი ინიციატივით, მოეწყო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბის „გააძლიერე ქალის“ წარდგენა კომაროვის სახელობის #199 ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეებისთვის.  შეხვედრაზე სტუდენტებმა ისაუბრეს განათლების მნიშვნელობაზე, მოზარდების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე, აგრეთვე გააცნეს ათასწლეულის ინოვაციების კონკურსის პირობები და კლუბის წევრების თაოსნობით მომზადებული კომიქსების წიგნი.

„დღევანდელი დღე გვინდა თქვენთან ერთად ვიზეიმოთ და ვისაუბროთ გოგონების საერთაშორისო დღეზე, რომელიც ადამიანებს აფიქრებს პრობლემებსა და შესაძლებლობებზე, დისკრიმინაციასა თუ ძალადობაზე, რომლის მსხვერპლიც ჯერ კიდევ ბევრი გოგონაა მთელ მსოფლიოში.  ჩვენ და ჩვენი სტუდენტები ვაღიარებთ, რომ საჭიროა გოგონების ჩართვა განათლების პროგრამებში, ხარისხიანი საშუალო და უმაღლესი განათლება თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის, ისევე, როგორც ადამიანის სხვა ფუნდამენტური უფლებები“ - აღნიშნა ქეთევან მამინაიშვილმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის გენდერული და სოციალური საკითხების დირექტორმა.

შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა სტუდენტი გოგონების კლუბის თავმჯდომარე, ტობი უოლში - რომელმაც სკოლის მოსწავლეებს კლუბის საქმიანობა გააცნო. "გოგონები წარმოადგენენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების 40%-ს საქართველოში და ისინი აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტებში, როგორებიცაა: ამერიკის აერო-სივრცისა და კოსმოსის ეროვნული ასოციაციის ინჟინრის, ტრიშა მაკის საქართველოში ჩამოყვანა, პირველი ქართული კომიქსების წიგნის გამოცემა, რომელიც ასახავს თანამედროვე სოციალურ და გენდერულ პრობლემებს და მიგვითითებს ამ პრობლემების გადაჭრის არაძალადობრივ გზებზე“.