geo eng
ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში გორის #5-ე საჯარო სკოლა გაიხსნა

2016-09-28

2016 წლის 28 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა მისმა აღმატებულებამ იან კელიმ, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნენსი ლიმ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმსრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ გორის #5-ე  ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნეს.  თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლაში 700 მოსწავლე გააგრძელებს სწავლას.

დღესვე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის და ფონდის წარმომადგენლებმა ხიდისთავის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლაც გახსნეს.

პირველი სარეაბილიტაციო სეზონის გნმავლობაში, სულ 30 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ხორციელდება მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში. მთლიანად, კომპაქტის ფარგლებში, დაგეგმილია 100-მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 

2016 წელს ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, პირველი სარეაბილიტაციო სეზონის შედეგად, დაასრულა 12 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ბებნისის, გორის #5, ზერტის, თიანეთის #1, ოკამის, საქაშეთის, სკრის, ტინისხიდის, ტყვიავის, ფხვენისის, ძეგვისა და ხიდისთავის საჯარო სკოლების საერთო სარგებლობის ობიექტებისა და კომუნიკაციების რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია. აღნიშნულ სკოლებში სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოების საერთო ფართი შეადგენს 29 696 კვადრატულ მეტრს. აღნიშნული 12 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის შედეგად გაუმჯობესდა 3 500-ზე მეტი მოსწავლის სასწავლო გარემო.

მიმდინარეობს 18 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. ონის, ხელედის, ოყურეშის, განძის, კარტიკამის, ახალციხის #1, სათხეს, ვალეს, ახალქალაქის #4, გორის #2, გორის #9, შინდისის, ხელთუბანის, საღოლაშენის, კეხიჯვარის, კავთისხევის, ხაშურის #9, წაღვერის საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება 2017 წლის გაზაფხულზე. 

პროექტს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის დაფინანსებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, ახორციელებს.