geo eng
12 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია პროფესიული განათლების განვითარებისთვის

2016-09-27

27 სექტემბერს ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, გამართა პროფესიული განათლების განვითარების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება. საგრანტო კონკურსი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.

ღონისძიება გახსნეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში მისმა აღმატებულება იან კელიმ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნენსი ლიმ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

პროექტის გრანტიორი დაწესებულებებია: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია, პროფესიული კოლეჯი ”ფაზისი”, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი, პროფესიული კოლეჯი ”თეთნულდი”, საზოგადოებრივი კოლეჯი ”სპექტრი”.

გამარჯვებული პროექტების მეშვეობით, შეიქმნება და განახლდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად პროგრამები, რომლებიც მოთხოვნადია კერძო სექტორის მიერ შემდეგ დარგებში: საზღვაო, საინჟინრო, ტურიზმი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ავიაცია და სოფლის მეურნება. ათიდან, ოთხი პროექტი განხორციელდება საქართველოს რეგიონებში, ხოლო დანარჩენი - თბილისში. ათი პროექტის მთლიანი ბიუჯეტია 19.6 მილიონი აშშ დოლარი, საიდანაც 12 მილიონი აშშ დოლარი წარმოადგენს საგრანტო თანხას, ხოლო დანარჩენი - კერძო სექტორის თანადაფინანსებას.

საგრანტო კონკურსი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გამოცხადდა 2015 წლის ივნისში. კონკურსის მიზანი იყო შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისა ან არსებული პროგრამების განახლებასთან დაკავშირებული წინადადებების დაფინანსება საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორებში.