geo eng
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა

2016-09-21

2016 წლის 21 სექტემბერს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, 2016-2017 სასწავლო წლისათვის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოაცხადა. ინოვაციის კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება.  ჟიური გამოავლენს უფროსკლასელებისაგან შემდგარ სამ საუკეთესო გუნდს საქართველოს მასშტაბით, რომლებიც წარმოადგენენ პროექტებს ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო სფეროში.   მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემათ პრიზები, ხოლო პირველ ადგილზე გასული გუნდი, 2017 წლის აპრილში, გაემგზავრება NASA-ში, აშშ–ში და მონაწილეობას მიიღებს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გამართულ საგანმანათლებლო პროგრამაში.

ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ,  აშშ-ის ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ იან კელიმ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და კომპანია „ჯეოსელის“ კომერციულმა დირექტორმა ივანე მაჭავარიანმა.

ღონისძიების ფარგლებში, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2015-16 წლის ფინალისტების ინოვაციური პროექტების გამოფენაც გაიმართა.

„უფროსკლასელებს ვიწვევთ, მონაწილოება მიიღონ კონკურსში. გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებს ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების წახალისება ახალგაზრდებში მნიშვნელოვანია საქართველოში ამ სფეროებისადმი ინტერესის გაზრდისთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის საელჩოს, ბატონ ელჩს კონკურსის მხარდაჭერისთვის“ - აღნიშნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

კონკურსის ერთ-ერთი მიზანია გამარჯვებულების დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან. წელს, კერძო სექტორთან პარტნიორობის ფარგლებში, კონკურსის მეგობარი გახდა კომპანია ჯეოსელი: „აღსანიშნავია კერძო სექტორის მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა, რომელიც წელს მიიღო კონკურსმა.  მადლობას ვუხდით კომპანია ჯეოსელს ჩვენთან მეგობრობისთვის“ - დასძინა მაგდა მაღრაძემ.

„ეს არის ინოვაციების წახალისების მასშტაბური პროექტი სქართველოში, ჯეოსელი, როგორც მობილური ტექნოლოგიების კომპანია ვერ დარჩებოდა გულგრილი ასეთი წამოწყების მიმართ და ჩვენ გადავწყვიტეთ რომ შევუერთდეთ ამ ინიციატივას.“ - აღნიშნა ჯეოსელის კომერციულმა დირექტორმა ივანე მაჭავარიანმა.

კონკურსი მესამე წელია ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. „ძალიან მოხარული ვარ რომ ვესწრები ამ კონკურსის პრეზენტაციას, რომელსაც ნაწილობრივ აფინანსებს ამერიკის საელჩო. ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა ინოვაციური პროექტების განვითარებისათვის. ყოველთვის ვეხმარებით საქართველოს ამ სფეროში.“ - აღნიშნა ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ისაუბრა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საქართველოში და მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას ამ საქმეში გაწეული მხარდაჭერისთვის, რაც გამოიხატება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტით და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებით. 

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი უკვე ორჯერ, 2014-15 და 2015 - 16 წლებში განხორციელდა და მასში მონაწილეობა მიიღო 153-მა გუნდმა საქართველოს ცხრა რეგიონიდან.  წინა კონკურსებში გამარჯვებულმა გუნდებმა „მულტიკლიმატიზატორი“ და „სოლარი“ მონაწილეობა მიიღეს, აშშ-ში, კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში, ნასას კენედის ცენტრში, ფლორიდაში.

კონკურსის პირობების მიხედვით მონაწილე მოსწავლე დაბადებული უნდა იყოს 1998 წლის 2 აპრილიდან - 2004 წლის 1 აპრილის ჩათვლით; მონაწილეობის მისაღებად გუნდს შეუძლია, წარმოადგინოს პროექტი შემდეგი საკონკურსო კატეგორიიდან ერთ-ერთში: კოსმოსი და ავიაცია; ჯანდაცვა და კვება; კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება; გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება; მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 18 ოქტომბერი.  დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით პროექტის მენეჯერს ანა ბერძენაძეს, ელ.ფოსტა: mia@mcageorgia.ge

სააპლიკაციო ფორმა იხილეთ აქ