geo eng
გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ზოგად განათლებაში - შეხვედრების სერია

2016-07-19

სკოლებში გენდერული თანასწორობის, გოგონების მიერ ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო პროფესიების არჩევის ტენდენციებზე და სხვა მსგავს საკითხებზე 19 ივლისს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით დისკუსია გაიართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის ადვოკატირების სპეციალისტები, საბუნებისმეტყველო საგნების, ტექნოლოგიებისა და საინჟინრო სფეროს (STEM) პროფესიონალები, სამოქალაქო საზოგადოების, მთავრობისა და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები და სტუდენტები. დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა; შემდგომ, გაიმართა მსჯელობა დაბრკოლებებზე და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ეძლევათ გოგონებსა და სოციალურად დაუცველი ფენების წარმომადგენლებს ტექნიკური განათლების მიღების არჩევისას.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ჯენერ ედელმანმა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გენდერული და სოციალური საკითხების დირექტორმა ნორა დადვიქმა.

შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, როგორიცაა გენდერული და სოციალური ცნობიერების ამაღლება ზოგადი განათლების სისტემაში, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში მიმდინარე სკოლის მასწავლებელთა და დირექტორების პროფესიული განვითარების პროექტის პროგრესსა და განათლების სექტორში არსებული გენდერული უთანასწორობის თემაზე ჩატარებული კვლევების შედეგებზე.

„ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო საგნებში გოგონების და ბიჭების მიღწევები სკოლის ასაკში თითქმის თანაბარია. თუმცა, უმაღლეს განათლებას ამ მიმართულებებით გაცილებით ნაკლები გოგონა აგრძელებს, ვიდრე ბიჭი. ამის მიზეზი ის გამყარებული სტერეოტიპია, რომ მათემატიკა, ფიზიკა, ზოგადად მეცნიერება „კაცის ტვინს“ მოითხოვს, კაცური პროფესიებია და ქალებს აქ არაფერი ესაქმებათ. სწორედ ამ სტერეოტიპის დარღვევას და შესაბამისად, გოგონების გაძლიერებას, მათი თვითრწმენის შექმნას უნდა ემსახურებოდეს ზოგადი განათლების სისტემა.“ აცხადებს ქეთი მამინაიშვილი, დისკუსიის ორგანიზატორი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის გენდერული და სოციალური თანასწორობის დირექტორი.

„სტერეოტიპები მართლაც ჯერ კიდევ მძლავრია და მუშაობს. ახლახან დაიწყო ცვლილებების შეტანა და გენდერული საკითხების ინტეგრირება ეროვნულ სასწავლო გეგმაში. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ის სახელმძღვანელოები, რომელიც სწორედ ახლა იწერება მოსწავლეებისთვის, შეფასდება გენდერული კრიტერიუმების მიხედვითაც. როგორც იცით, სწორედ ამ ასაკში, ქვეცნობიერად დალექილი ინფორმაცია ამყარებს ან აქრობს ყველაზე ეფექტურად სტერეოტიპებს,“ განაცხადა ლია გიგაურმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა იმსჯელეს იმ ხელშემშლელ ფაქტორებზე, რომელთა გადალახვაც გოგონებსა და ქალებს მუდმივად უხდებათ STEM-ის საგნებში განათლების მიღების პროცესში. აქცენტი გაკეთდა გოგონებისთვისა და ქალებისთვის თანაბარი შესაძლებლობების მინიჭების მნიშვნელობაზე, რათა მოხდეს მათი წახალისება და დარგის მიმართ ინტერესის გაზრდა.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აღიარებს, რომ გენდერული უთანასწორობა შესაძლოა ეკონომიკის ზრდის და სიღარიბის შემცირების მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი იყოს, ამიტომ, თანაბარი წვდომისა და სარგებელის უზრუნველყოფის მიზნით, ყველანაირად ხელს ვუწყობთ სოციალურ ჩართულობასა და გენდერულ ინტეგრაციას კომპაქტის ყველა პროგრამაში, განხორციელების ყველა საფეხურზე“ - განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ.

ტრადიციული მრგვალი მაგიდის შეხვედრების ციკლი ორგანიზებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ განხორციელებული მეორე კომპაქტის ფარგლებში, რომლის მიზანია ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობითა და ადამინური კაპიტალის გაძლიერებით. კომპაქტის ამოცანაა, საქართველოში განვითარდეს კვალიფიციური სამუშაო ძალა საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიურ და საინჟინრო (Science, Technologies, Engineering and Mathematics - STEM) სფეროებში ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გაძლიერების გზით.