geo eng
საერთაშორისო კონფერენცია „პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითრებისთვის“

2016-07-18

2016 წლის 18 ივლისს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, გაიმართა პირველი ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითარებისთვის“.   

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს 250-მდე უცხოელმა და ქართველმა დელეგატმა სახელმწიფო უწყებებიდან, ასევე ბიზნეს სექტორის მაღალი რგოლის მენეჯერებმა, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

კონფერენცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნეს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა დასაქმების მაჩვენებლის გაუმჯობესებაში პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონფერენცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღევანდელ ეტაპზე, როადგან დასაქმების ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს; პირველმა ვიცე-პრემიერმა დასძინა, რომ „გრძელვადიანი, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და დაამტკიცა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია საქართველო - 2020. საყურადღებოა, რომ კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალის შექმნა სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შრომის ბაზრის მოთხოვნა, ეკონომიკის განვითარებიდან გამომდინარე, დინამიურობით და ცვალებადობით ხასიათდება. შესაბამისად, საჭიროა შრომის ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული განათლების სისტემის არსებობა".

პროფესიული განათლების მნიშვნელობასა დასაქმების მაჩვენებლის ზრდაზე ისაუბრა შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ. ,,ბევრ დამსაქმებელს, რომელიც დღეს შეიკრიბა შეიძლება არ გააჩნდეს პრობლემები მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვისას, თუმცა, საშუალო დონის კადრების მოზიდვა არის რთული. სწორედ ტექნიკური სამუშაოების შესრულების თვალსაზრისით არის გარკვეული სირთულეები. არათანაბარი განვითარება, პროფესიული განათლება, მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ქალბატონების ჩართულობაც ტექნიკური სამუშაოების შესრულებაში. დღეს, ჩვენ სწორედ ორგანიზებას ვუკეთებთ ერთ-ერთ კონფერენციას, ტრენინგს, სადაც ამ თემებზე მიდის მსჯელობა.

საქართველოს მთავრობამ, მე სიამოვნებით აღვნიშნავ, დიდი პროგრესი განიცადა სწორედ ამ მიმართულებით. არსებობს საკმაოდ ამბიციური გეგმა პროფესიული განათლების განვითარების. დღეს ვისაუბრებთ, როგორ გავზარდოთ ეკონომიკური მაჩვენებელი, განვავითაროთ უნარ-ჩვევები, რათა დავასაქმოთ მეტი ხალხი. კერძო პროგრამებიც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ყველაფერი მხარს უჭერს ეკონომიკის განვითარებას და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას" - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის, მეორე კომპაქტის ფარგლებში, საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ თავის გამოსვლაში. „პროფესიულმა განათლებამ ძალიან შორი გზა გამოიარა და კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. საბჭოთა კავშირის დროს პროფესიული განათლება იყო დასჯა. ამ მოცემულობიდან ჩვენ უნდა მოვიდეთ იქ, სადაც პროფესიული განათლებით ადამიანები იამაყებენ. ინფრასტრუქტურიდან დაწყებული სასწავლო პროგრამებით, დაფინანსებით დასრულებული ყველაფერი თავიდან არის დასაწყები. ამიტომაც დღეს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კონფერენციის ორგანიზატორებს ამ თემით დაინტერესებისთვის და წინ წამოწევისთვის. იმიტომ, რომ ეს არ არის მარტო პროფესიის შეძენა, ან სამუშაო ადგილების შექმნა ეს არის ადამიანებისთვის ბედნიერების შექმნა და სწორედ ეს არის ჩემი მიზანიც და ოცნებაც"- განაცხადა მინისტრმა.

ინვესტირება პროფესიულ განათლებაში და პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითარებაში - ეს ორი თემა გახლდათ პლენარული სესიების თემა, სადაც მთავრობის წევრებთან და უცხოელ ექსპერტებთან ერთად პროფესიულიგანათლების პროვაიდერები და დაინტერესებული პირებიც მონაწილეობდნენ.

საერთაშორისო ექსპერტებმა გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ავსტრალიის გამოცდილებები წარადგინეს, საჯარო-კერძო პარტნიორობის კუთხით, რაც დაეხმარება მთავრობას, ასევე კერძო სექტორს, შეიმუშაონ თანამშრომლობის ისეთი მოდელები, რომელიც გაითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და მორგებული იქნება ადგილობრივ გარემოზე.   

დღის ბოლოს კი პარალელური სესიების ფარგლებში სამი შეხვედრა გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებმა საჯარო-კერძო პარტნიორობა (PPP) პროფესიული განათლების სისტემაში, პროფესიულ განათლებაში ჩართულობასა და სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაზე იმსჯელეს.

 „კონფერენციას რამდენიმე მიზანი ჰქონდა. პირველი, კერძო სექტორი შემოვიყვანოთ პროფესიული განათლების სისტემაში და უშუალოდ მათგან მოვისმინოთ რა მოთხოვნები აქვთ. ასევე, შევქმნათ პლატფორმა, სადაც კერძო სექტორი, მთავრობა, საერთაშორისო ორგანიზაციები და პროფესიული განათლების პროვადიერები დასხდებიან და ისაუბრებენ დღეს არსებულ საჭიროებებზე; განიხილავენ იმ რეფორმებს, რომელსაც სთავაზობს საქართველოს მთავრობა და შევიმუშავებთ რეკომენდაციებს. კონფერენცია წელს პირველად ჩატარდა, თუმცა, ყოველწლიურ სახე მიიღებს. წელს სრულად ჩვენ დავაფინანსეთ, თუმცა, მომავალი წლიდან კერძო სექტორის თანადაფინანსებით გაიმართება. გვაქვს ამბიცია, რომ მომავალი წლიდან უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდეს კონფერენცია და აუცილებლად გამოვიტანთ ფართო განხილვის საგნად წარმატებულ, ჩვენ მიერ დაფინანსებულ მაგალითებს აღნიშნული მიმართულებით“ - განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.