geo eng
ათასწლეულის გამოწვევის პროექტების ბენეფიციარებმა ჯონ კერის საკუთარი წარმატება გაუზიარეს

2016-07-07

6-7 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ესტუმრა. ბატონი კერი, ამავდროულად არის აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. კორპორაციის მეშვეობით ამერიკის მთავრობას და ამერიკელ ხალხს, საქართველოს ეკონომიკისა და ადამიანური კაპიტალის გაძლიერებისთვის, 2005 წლიდან დღემდე, 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მდივანი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა, „აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში ორი ქვეყნის მაღალი დონის აქტიური სტრატეგიული თანამშრომლობისა და პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა“. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა იმ შეთანხმების ხელმოწერის შესახებ, რომელიც გააღრმავებს საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობას და შედეგად, უფრო მეტ სტუდენტსა და მკვლევარს საქართველოდან, შეეძლება ისარგებლოს აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამებით.

ოფიციალური შეხვედრების შემდგომ, სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ახალგაზრდა ქართველ ინოვატორებსა და მეწარმეებს შეხვდა. მათ შორის იყვნენ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე და აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი კესი კაციტაძე. ნინო და კესი, ორი, სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი წარმატებული ქალია. ნინომ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პირველი კომპაქტის განხორციელების დროს, გრანტის სახით, 124,550 აშშ დოლარი მიიღო; ადგილობრივი რესურსებიდან მოპოვებული 158,000 აშშ დოლარის თანადაფინანსებით გახსნა რძის გადამამუშავებელი საწარმო და საქართველოს ძირითად სუპერმარკეტებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მის ფერმაში გამოყვანილი ყველი. აღნიშნული ინვესტიციის შედეგად, ნინომ 45 ადამიანი დაასაქმა, ხოლო 400-მდე ადგილობრივი ფერმერისგან კი მაღალი ხარისხის რძეს ყიდულობს, რითაც მათი შემოსავლის გაზრდას უწყობს ხელს. ნინოს თქმით, „რომ არა ეს ფონდი და ამერიკელი ხალხის დახმარება, არც ეს ბიზნესი გავიდოდა განვითარების ასეთ მასშტაბებზე და ვერც მე ვიქნებოდი ასეთი წარმატებული.“

კესი კაციტაძე ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტით დაფინანსებული სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოქიმიის პირველი კურსის სტუდენტია. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსების შედეგად, კესის აქვს უნიკალური შესაძლებლობა, საქართველოში ამერიკული ბაკალავრიატის პროგრამაზე ისწავლოს და მიიღოს ამერიკული დიპლომი. როგორც კესიმ სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდგომ აღნიშნა, „შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, რომ სახელმწიფო მდივანს გაეცნო ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები, რომლებიც ან უკვე შემდგარი, ან მომავალი მეწარმეები არიან. მას ასევე სურდა, ჩვენგან მოესმინა, რა გვჭირდება ახალგაზრდებს იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ ჩვენს სფეროში, რა სახის ხელშეწყობა გვსურს სახელმწიფოსგან, და ძირითადად რა პრობლემებს ვუმკლავდებით სანამ სასურველ მიზნებს მივაღწევთ. სახელმწიფო მდივანმა ასევე იკითხა, თუ რამდენად განვითარებულია ტექნოლოგიური მიმართულებები საქართველოში და არის თუ არა ამ სფეროში კვალიფიციური პერსონალის დეფიციტი. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს პროგრამა, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მეორე კომპაქტის უმაღლესი განათლების პროგრამის ფარგლებში გაიხსნა, მიზნად ისახავს სწორედ სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიმართულებების პოპულარიზებასა და პროფესიონალი კადრების შექმნას საქართველოში. მე, როგორც ამ უნივერსიტეტის ბიოქიმიის ფაკულტეტის სტუდენტი, ვესაუბრე სახელმწიფო მდივანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში მსგავსი პროგრამის არსებობა. ქართველ ახალგაზრდებს უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ, მიიღონ ამერიკული განათლება და დიპლომი საქართველოდან გაუსვლელად და დაეუფლონ იმ სფეროებს, რომელთა განვითარებაც არა მხოლოდ განათლების დონეზე, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვნად აისახება“.