geo eng
კერძო სექტორის წარმომადგენლები ქალთა უფლებების გაფართოების პრინციპებს გაეცნენ

2016-07-01

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის 2016 წლის 28 ივნისს ჩაატარეს ერთობლივი ერთდღიანი ტრენინგი ქალთა უფლებების გაფართოების პრინციპების გასაცნობად. ტრენინგზე წარმოდგენილი იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური კომპაქტის მიერ შემუშავებული შვიდი პრინციპი, რომელიც მიგვითითებს საუკეთესო პრაქტიკულ მაგალითებზე და აყალიბებს ისეთი კომპანიების გლობალურ მოძრაობას, რომლებიც ითვალისწინებენ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისა და ქალების გაძლიერებას.

ტრენინგს უძღვებოდნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წარმომადგენლები: კარინ გორანსონი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამების ანალიტიკოსი, ნინო დადალაური, კომპანია პერუზის დამფუძნებელი და ქეთევან მამინაიშვილი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის გენდერული და სოციალური საკითხების დირექტორი. ტრენინგი ჩატარდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის 2015 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს კომპანიების ხელმძღვანელებმა და მაღალი რგოლის მენეჯერებმა, აგრეთვე კორპორატიული და სოციალური პასუხისმგებლობის, ადამიანური რესურსების, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროს წარმომადგენლებმა.

განხილული თემები მოიცავდა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისა და სამუშაო ადგილებზე გენდერული თანასწორობის ასპექტებს, ქალების უფლებების გაძლიერების პრაქტიკულ მაგალითებსა და სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციული პრაქტიკის საკითებს. მსოფლიოში, სადაც გლობალიზაციის პროცესები სწრაფად მიმდინარეობს და ყველაფერი ურთიერთკავშირშია, წარმატების მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა ყველა სოციალურ და ეკონომიკურ აქტივზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქალისა და მამაკაცის თანასწორობა უნივერსალურ საერთაშორისო პრინციპად და ხელშეუხებელ უფლებად არის აღიარებული, ქალებს კვლავაც უწევთ ბრძოლა დისკრიმინაციისა და მარგინალიზაციის წინააღმდეგ, ხოლო თანასწორობის აღქმა კვლავინდებურად გამოწვევად რჩება.  

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, კომპაქტის განხორციელებისას, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოციალურ და გენდერულ ასპექტებს, რათა, ქვეყნის საკანონმდებლო ჩარჩოზე დაყრდნობით, უზრუნველყოს თანაბარი წვდომა ინვესტიციებით მიღებულ სარგებელზე.

სოციალური და გენდერული ასპექტები მჭიდროდ არის ინტეგრირებული პროგრამის ყველა მიმართულებაში, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას, რისკების შემცირებასა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კორპორატიული პრიორიტეტების გაზიარებას.