geo eng
გუნდის „სოლარი“ ახალგაზრდა გამომგონებლების წარმატება NASA-ში კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტზე

2016-04-26

2015-16 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულმა გუნდმა, „სოლარი“, 21-23 აპრილს, მონაწილეობა მიიღო NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში გამართულ კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში.

ახალი ლიცეუმისა და აია-Gess-ის მეთერთმეტე კლასელმა მოსწავლეებმა: გიორგი მარგიანმა, ბექა მიქაძემ, ვახტანგ კონტრიძემ და გიორგი ნიორაძემ, კონრადის ინოვაციების სამიტზე პროექტი „მზის პანელის მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდის ინოვაციური ტექნოლოგია“ წარადგინეს და აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურეს. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს „მწვანე ენერგიის“ ეფექტიანობის სამი პროცენტით გაზრდას.

კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტი, 2008 წლიდან, ყოველწლიურად იმართება, ამერიკელი ასტრონავტის პიტ კონრადის საპატივცემულოდ. სოლარმა სამიტში მონაწილეობა მიიღო, როგორც განსაკუთრებული სტატუსის მქონე გუნდმა. კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში, წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებისგან შემდგარმა ოთხმოცდაათმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. სამიტის პროგრამა, მოსწავლეების პრეზენტაციების გარდა, მოიცავს  NASA-ს მუზეუმების ინფორმაციულ და შემეცნებით ტურებს, მოქმედი ასტრონავტების და კოსმონავტების გამოსვლებს და სამუშაო შეხვედრებს.

კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში, საქართველოს სახელით, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული გუნდი მეორედ იღებს მონაწილეობას. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან და აშშ-ის კონრადის ფონდთან თანამშრომლობით. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია, ინოვაციური იდეების და პროექტების განხორციელების წახალისება 12-18 წლის მოსწავლეებში, რაც ზრდის მათ ინტერესს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართ და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალ მიღწევებს.