geo eng
საჯარო-კერძო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში

2016-04-08

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მხარდაჭერით, „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების რეფორმის ახალი ინიციატივის “საჯარო-კერძო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში“ კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება გახსნეს და სტუმრებს სიტყვით მიმართეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ჯენერ ედელმანმა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ ისაუბრა დამსაქმებლების, კერძო სექტორსა და პროფესიული განათლების პროვაიდერებს შორის ეფექტიანი პარტნიორობის მნიშვნელობის შესახებ, რათა ხელი შეეწყოს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი განათლების უზრუნველყოფას. „ათასწლეულის გამოწვევის ფონდისთვის, რომელიც აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტს (გრანტს) ახორციელეს, მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მონაწილეობა კომპაქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების დროს. შესაბამისად, ფონდის ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განთლების კომპონენტები, სრულად პასუხობს განთლების სამინსიტროს მიერ ინიცირებულ რეფორმებს“ - აღნიშნა მაგდა მაღრაძემ.

ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის კონტექსტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას პროფესიული განათლების თანამედროვე შესაძლებლობები, სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის ალტერნატიული მოდელები და მეწარმეობის განვითარების ახალი შესაძლებლობები გააცნო.

აღნიშნული ინიციატივის თანახმად, პროფესიულ განათლებაში გატარდება რეფორმა, რომლის შედეგად შესაძლებელი იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების (WORK-BASED LEARNING) მიდგომის დანერგვა, დამსაქმებლის ჩართულობით საგანმანათლებლო პროცესის წარმართვა, საწარმოო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერება, შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიების გამოვლენა და პროფესიულ კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლის ზრდა.