geo eng
ფილანტროპიის მიღმა: ინვესტიცია საერთო, ურთიერთმოგებიან ფასეულობებში

2016-03-18

18 მარტს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით თი-ბი-სი ბანკმა უმასპინძლა ამერიკელი კონსულტანტის, კომპანია დალბერგის პარტნიორის ჯო დოგერტის საჯარო ლექცია-დისკუსიას თემაზე „ფილანტროპიის მიღმა: ინვესტიცია საერთო, ურთიერთმოგებიან ფასეულობებში.“   ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მისიაა საქართველოში ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში პროექტების განხორციელება და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი განათლების სისტემის დანერგვის ხელშეწყობა.  აღნიშნული მიზნის განხორციელებისათვის უმნიშვნელოვანესია კერძო სექტორთან თანამშრომლობა და ფილანტროპიისა და საერთო ფასეულობების საკითხების ადვოკატირება, რაც ფონდის ერთ-ერთ ახალ მიმართულებას წარმოადგენს. 

მსოფლიოს წამყვანმა კომპანიებმა საქველმოქმედო შემოწირულობების მიმართ ტრადიციული მიდგომა „საერთო ფასეულობების“ ინიციატივით ჩაანაცვლეს, რაც ფილანტროპიის მეშვეობით განხორციელებულ იმ ინვესტიციებს გულისხმობს, რომლებიც არა მხოლოდ საზოგადოების მოთხოვნებს პასუხობს, არამედ ემსახურება თავად კომპანიების გრძელვადიან ინტერესებსაც. საჯარო ლექცია დაეთმო აღნიშნულ კონცეფციაზე საუბარს, მოხდა რამდენიმე არსებული საუკეთესო მაგალითის განხილვა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.  

საჯარო ლექცია გახსნეს მამუკა ხაზარაძემ, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.  ღონისძიება ჩატარდა თი-ბი-სი გალერეაში და მას ესწრებოდნენ კერძო სექტორის, მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, განათლების სექტორის წარმომადგენლები და სტუდენტები.