geo eng
მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი დაიწყო

2016-02-03

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველომ 2016 წლის 2 თებერვალს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტია 14 მილიონი აშშ დოლარი და წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის  (MCC) 140 მილიონი აშშ დოლარის მეორე კომპაქტის ერთ-ერთ კომპონენტს, რომელიც ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით.

ღონისძიება გახსნეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტის მოადგილემ ფატიმა სუმარმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა.

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მიზანია:  მე-7 - მე-12 კლასებში სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესება მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ინგლისურ ენაში, გეოგრაფიასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში და სკოლის მართვის გაუმჯობესება.

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში განხორციელებული ინვესტიცია ხელს შეუწყობს მასწავლებლებს, მონაწილეობა მიიღონ და ჩაერთონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში. შედეგად, მასწავლებლები შეძლებენ, დააგროვონ საჭირო კრედიტები და წაიწიონ მომდევნო საფეხურზე, რაც აისახება მათ ხელფასზე.

დასახული მიზნების მისაღწევად, გადამზადდება 20,000-მდე მასწავლებელი ზემოაღნიშნულ საგნებში, ასევე, მომზადდება სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების 2,000-ზე მეტი ფასილიტატორი.  პროექტის ფარგლებში, გადამზადდება ყველა საჯარო სკოლის დირექტორი. ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის დანერგვას.

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტს განახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. პროექტი ხელს შეუწყობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის შესაძლებლობების გაზრდას, სატრენინგო მასალებისა და საჭირო რესურსის შექმნას. პროექტი დაიწყო 2016 წლის იანვარში და დასრულდება 2019 წლის ზაფხულში.

პროექტის პარტნიორია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.