geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თეთრი ბაფთის ერთობლივი კამპანია

2016-02-03

2016 წლის 30 იანვარს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში ერთობლივად ჩაატარეს თეთრი ბაფთის აქცია, რომელიც მიეძღვნა გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას განათლებაში, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი ბერკეტია ქალების მიმართ ძალადობის დასაძლევად. თეთრი ბაფთა წარმოადგენს მსოფლიოს მამაკაცებისა და ბიჭების  უდიდეს მოძრაობას, რომლის მიზანია გოგონებისა და ქალების მიმართ ჩადენილი ძალადობის დაგმობა და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა. 

დაწყებული 1991 წლიდან თეთრი ბაფთის ტარებით ადამიანები პირობას დებენ, რომ არასოდეს ჩაიდენენ ძალადობრივ ქმედებას, არ აპატიებენ სხვას და არ დარჩებიან გულგრილი ქალებისა და გოგონების მიმართ ჩადენილი ძალადობის მიმართ. იმ დროიდან მოყოლებული, ეს კამპანია გავრცელებულია მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში. 

თეთრი ბაფთის კამპანიის ამოცანაა, ჩაწვდეს გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის გამომწვევ მიზეზებს და ხელი შეუწყოს ისეთ კულტურულ ცვლილებებს, რომლებიც მომავალში მიგვიყვანს ძალადობისგან თავისუფალ საზოგადოებამდე. 

თბილისში მოწყობილი აქციის ძირითადი მიზანი მდგომარეობდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ ქალების მიმართ ჩადენილი ნებისმიერი სახის ძალადობის წინააღმდეგ პოზიციის დაფიქსირებაში.  

თეთრი ბაფთის ღონისძიებას უმასპინძლა თბილისის ერთერთმა დიდმა სავაჭრო ცენტრმა, სადაც სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, ესაუბრათ ცენტრში მოსულ ადამიანებთან თუ რა როლი შეუძლია შეასრულოს თითოეულმა ადამიანმა ძალადობის თავიდან ასაცილებლად. აქციაზე სტუდენტებმა დაარიგეს თეთრი ბაფთები და ჩაატარეს კონცერტი ცოცხალი შესრულებით.

ერთერთი სტუდენტის თქმით, „განათლებას შეუძლია, გააერთიანოს საზოგადოება და მოახდინოს სოციალური ცვლილებები. განათლებას, აგრეთვე, შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ქალების მიმართ ძალადობას და შეცვალოს იგი ჯანსაღი ურთიერთობებით. პრობლემის უგულვებელყოფით მის გაგრძელებას ვუწყობთ ხელს.  სტუდენტებს შეგვიძლია ცვლილების მოხდენა“.

სავაჭრო ცენტრში მოსულ ადამიანებს საშუალება ქონდათ, შეერთებოდნენ თეთრი ბაფთის აქციას და დაეტოვებინათ თავიანთი ხელის ანაბეჭდები ამ ღონისძიებისთვის შექმნილ ბანერზე.