ტექნიკური დახმარება
ტექნიკური დახმარების კომპონენტის ძირითადი მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა. პროექტი ტექნიკურ დახმარებას უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სააგენტოებს: სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს", სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა" და სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს".
2015 წლის იანვარში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის, PEM Consult-სა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლობით მომზადდა 2016-17 წლების ტექნიკური და ექსპერტული დახმარების დეტალური სქემა და განხორციელების გრაფიკი.
2015 წელს ტექნიკური დახმარება მოიცავდა შემდეგ ხუთ მიმართულებას:
-
პროფესიული განათლების სისტემის მართვა, განსაკუთრებით სექტორულ დონეზე და საჯარო-კერძო პარტნიორობის მიმართულებით;
-
შესაძლებლობების და ადამიანური რესურსების გაძლიერება შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი საგანმანთლებლო პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
-
პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს დასრულება;
-
კარიერული დაგეგმვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
-
პროფესიული მასწავლებლებისთვის სატრენინგო პროგრამის შემუშავება კომპეტენციებზე დაფუძნებულ სწავლებასა და შეფასებაში.
2016 წლიდან ტექნიკური დახმარების ხუთი მიმართულება გაერთიანდა შემდეგ სამ მიმართულებაში:
-
კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობა პროფესიული განათლების მართვაში. მოიცავს საჯარო-კერძო პარტნიორობას, დარგობრივი საბჭოების შესაძლებლობის გაძლიერებას, სოციალური პარტნიორობის გაძლიერებას ადგილობრივ დონეზე და სხვა;
-
პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოსა და ხარისხის მართვის სისტემების განვითარების ხელშეწყობა ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს მოთხოვნების გათვალისწინებით. მოიცავს ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს განვითარებას, არაფორმალური განათლების აღიარებას, ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს განვითარებას და სხვა;
-
კარიერული განათლებისა და დაგეგმვის მხარდაჭერა სკოლებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.