geo eng

მასწავლებლები და დირექტორები

საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორების პროფესიული განვითარება

საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორების პროფესიული განვითარების პროექტი მიზნად ისახავს:

  1. საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას  შემდეგ საგნებში: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ინგლისური ენა, გეოგრაფია; 

  2. სკოლის მართვის გაუმჯობესებას;

  3. ქვეყნის მასშტაბით სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის დანერგვას.

პოექტის  მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესება საბუნებისმეტყველო მეცნიერების საგნებში.  ათასწლეულის გამოწვევის ფონდი  - საქართველო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად:

  • ხელს შეუწყობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის შემუშავება-დანერგვას;

  • შეიმუშავებს საჯარო სკოლების 7-12 კლასების საბუნებისმეტყველო (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა), მათემატიკის, გეოგრაფიის, ინგლისურის მასწავლებლებისთვის ინტენსიურ ტრენინგ-მოდულებს;

  • გადაამზადებს საჯარო სკოლების 7-12 კლასების საბუნებისმეტყველო (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა), მათემატიკის, გეოგრაფიის, ინგლისურის მასწავლებლებს;

  • გადაამზადებს საჯარო სკოლების ყველა დირექტორს სკოლის მართვის მნიშნველოვან საკითხებში;

  • ხელს შეუწყობს საჯარო სკოლებში სკოლის ბაზაზე პროფესიულ განვითარებას;

  • შეარჩევს და გადაამზადებს საჯარო სკოლების ფასილიტატორებს, რომლებიც იზრუნებენ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე.  

პროექტის ფარგლებში მოხდება 24,000-მდე საჯარო სკოლის პედაგოგის, ყველა საჯარო სკოლის დირექტორისა და პროფესიული განვითარების ფასილიტატორის ინტენსიური გადამზადება. პროექტის ფარგლებში, ასევე, იგეგმება სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა“ და სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ თანამშრომლების პროფესიული განვითარება.

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების ტრენინგები დაიწყო

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“, „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ ფარგლებში, ჩატარდა ლიდერობის აკადემიის პირველი კურსი  ყველა ქართულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორისათვის. აკადემია 2016 წლის 15 აგვისტოს დაიწყო   და ეტაპობრივად მიმდინარეობდა სხვადასხვა რეგიონებში: თბილისში, წყალტუბოსა და თელავში. პირველი კურსი 3 ოქტომბერს დასრულდა და გადამზადდა  1700 დირექტორი. 

მიმდინარე წლის 15 ოქტომბრიდან დაიწყო  გრძელვადიანი კურსის პირველი მოდულის ტრენინგები, „მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს მახასიათებლები“ პირველი ნაკადის მასწავლებლებისათვის. პირველ ნაკადში 9000-მდე მასწავლებელია, რომლებიც პროფესიული განვითარების კურსს ოქტომბრიდან-ივლისის ჩათვლით გაივლიან. კურსი შედგება სამი ზოგადპროფესიული უნარების (36 საკონტაქტო საათი) და საგნობრივი მეთოდიკის (24 საკონტაქტო საათი თითო საგანი) მოდულებისგან. 15 ოქტომბერის მერე 20 სკოლაში მიმდინარეობდა 230 ჯგუფის  ტრენინგი, ჯამში  3917 მასწავლებლისთვის.  პირველი მოდულის ტრენინგები გაგრძელდება ნოემბრის შუა რიცხვებამდე.

მეორე ნაკადის ტრენინგი 2017 წლის სექტემბრიდან დაიწყება და 2018 წლის ივლისში დასრულდება. ასევე დაგეგმილია ლაბორატორიებში პრაქტიკული ტრენინგები დასკვნით ეტაპზე.

პროექტი აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული, 140 მილიონიანი კომპაქტის ფარგლებში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ 2015-2019 წლებში ხორციელდება.  ტრენინგებს განახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია (IREX) ტექნიკური და ექსპერტული მხარდაჭერით.  პროექტის სრული ბიუჯეტია 14 მილიონი აშშ დოლარი. 

ლიდერობის აკადემია

ლიდერობის აკადემია წარმოადგენს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ გრძელვადიანი ტრენინგ-მოდულების ერთობლიობას, რომლის მიზანია დირექტორებისა და პროექტის  სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ფასილიტატორების პროფესიული განვითარება.

ლიდერობის აკადემია სამეტაპიანია და მოიცავს 11 ტრენინგ-მოდულს, რომლებიც 2016-2018 წლების განმავლობაში ეტაპობრივად ჩატარდება. ლიდერობის აკადემია სკოლის დირექტორებს სთავაზობს ტრენინგებს, რომლებიც მთლიანობაში მოიცავს 160 საკონტაქტო  საათს.  გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში გაიმართება კვარტალური შეხვედრები და ყოველწლიური კონფერენციები.

აკადემიის მიზანია, ხელი შეუწყოს საჯარო სკოლების დირექტორებს, ეფექტიანად მართონ სკოლა.  ტრენინგები მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: 21-ე საუკუნის სკოლა და მისი მახასიათებლები, სკოლის ეფექტიანი მართვა, დროის, ფინანსების, შესყიდვებისა და ადამიანური რესურსების მართვა, სასწავლო პროცესის მართვა, სასწავლო თემების განვითარება, ახალი ტექნოლოგიების გამოყენება სკოლაში, ლიდერობა, გუნდის დინამიკა, სამართლებრივი საკითხები, მშობლებთან ურთიერთობა  და სხვა.

ლიდერობის აკადემიის ყოველი ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.

მასწავლებლების ტრენინგ პროგრამა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება შედგება შემდეგი ორი მიმართულებისაგან: 1) ზოგადი პროფესიული უნარების სასწავლო კურსი „მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები“ (სამი მოდული, ჯამში 36 საკონტაქტო საათი) და საგნობრივი მეთოდიკის კურსი „საგნის აქტიური სწავლება“ (საგანში ერთი მოდული, თითოეული 24 საკონტაქტო საათი).

ტრენინგების მიზანია  მასწავლებელთა კომპეტენციის ამაღლება, როგორც ზოგადი პროფესიული უნარების, ისე საგნობრივი მეთოდიკის მიმართულებით. სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და სტრატეგიების დანერგვა სკოლებში ხელს შეუწყობს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას, შესაბამისად, მოსწავლეთა დაინტერესებას ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნებით.

ტრენინგები  ჩატარდება მთელ საქართველოში, რესურსცენტრების სამოქმედო ტერიტორიაზე შერჩეულ პარტნიორ სკოლებში, შაბათს და კვირას. ტრენინგის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მასწავლებელი მიიღებს კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს, და მიიღებენ კრედიტ-ქულებს.

პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსი, ტრენინგების გარდა, მოიცავს კონფერენციებსა და ტრენინგის შემდგომ სამუშაო შეხვედრებს, სადაც მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა, ერთმანეთს გაუზიარონ ტრენინგზე მიღებული გამოცდილება, ერთობლივად დაგეგმონ საკლასო და კლასგარეშე აქტივობები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ. ფოსტა: Info@tpdc.ge

ცხელი ხაზი: 2 200220 (47 08)

 

პროექტის პარტნიორები:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (MES)

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (TPDC)