geo eng

მონიტორინგისა და შეფასების სისტემა

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მიერ დაფინანსებული კომპაქტი ექვემდებარება სიღრმისეულ მონიტორინგსა და შეფასებას, რაც მიზნად ისახავს შესაბამისი პროექტების წარმატებით განხორციელების უზრუნველყოფას და სასურველი შედეგების მიღების ხარისხის დადგენას. მონიტორინგისა და შეფასების ღონისძიებების განხორციელება ხდება შესაბამისი გეგმის მიხედვით, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

გეგმის მონიტორინგის ნაწილი განმარტავს კომპაქტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ ინდიკატორთა კლასიფიკაციას, ანგარიშგების პროცედურებს და შესაბამისი მონაცემების მოპოვების, გადამუშავების და წარდგენის წესს. მონიტორინგის ინდიკატორთა მატრიცა (Indicator Tracking Table) მოცემულია გეგმის პერველ და მეორე დანართებში.

შეფასების ნაწილი მოიცავს კომპაქტის ლოგიკით (Program Logic) განსაზღვრული მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენისა და შესწავლის სტატისტიკურ მეთოდოლოგიას, შესაბამისი კვლევების დაკვეთის პოლიტიკას, კვლევისთვის აუცილებელი მონაცემების მოპოვების, გადამუშავების და წარდგენის წესს.

სასურველი შედეგების შეფასების პოლიტიკის შემუშავება ხდება კომპაქტით განსაზღვრული კონკრეტული ღონისძიების შესაბამისად, რაც გულისხმობს ამა თუ იმ ღონისძიებით განსაზღვრული მიზნების მიღწევის ხარისხის დადგენას მეცნიერულ-კვლევითი მიდგომების მეშვეობით. შეფასების ინდიკატორთა (როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი) შუალედური მატრიცა მოცემულია გეგმის პერველ და მეორე დანართებში. საბოლოო ინდიკატორების შემუშავება მოხდება დამოუკიდებელ შემფასებელ კომპანიასთან კონსულტაციებზე დაყრდნობით.

მონიტორინგისა და შეფასების გეგმა დეტალურად აღწერს კომპაქტის ლოგიკას, რომელიც გულისხმობს არსებული რესურსების (ფინანსური, ადამიანური, ფიზიკური და ა.შ.) რაციონალურ გამოყენებას საქართველოს განათლების სექტორში კონკრეტული მიზნების მისაღწევად მოკლე და გრძელვადიანი პერსპექტივების ჭრილში. შესაბამისად, კომპაქტის ლოგიკა წარმოადგენს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს რესურსებს, გასატარებელ ღონისძიებებს, მოკლევადიან შედეგებსა და საბოლოო მიზნებს შორის.

მონიტორინგისა და შეფასების გეგმა ასევე მოიცავს ეკონომიკურ ანალიზს, რომელიც კომპაქტის ლოგიკის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პოლიტიკის შესაბამისად, დაბანდებული ინვესტიციების ეკონომიკური უკუგება (Economic Rate of Return) არ უნდა იყოს 10%-ზე ნაკლები. შესაბამისად, ეკონომიკური ანალიზი გასაზღვრავს საინვესტიციო გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას აღნიშნული კრიტერიუმის გათვალისწინებით. გეგმის ეკონომიკური ნაწილი ასევე მოიცავს რისკების შეფასების (Sensitivity Analysis) მატრიცას, რომელიც განსაზღვრავს კრიტიკული ცვლადების (პროგრამის სასურველი ბენეფიციარების რაოდენობა, მომავალში მათი დასაქმების ალბათობა და შემოსავლების სავარაუდო დონეები, პროგრამით გათვალისწინებული სერვისების ღირებულება და ა. შ.) მერყეობასთან დაკავშირებულ ზეგავლენას ფინანსური პროგნოზის შედეგებზე.

დამატებით, დოკუმენტი განსაზღვრავს კომპაქტის მონიტორინგისა და შეფასების მართვით სტრუქტურას, პროცესში ჩართული მხარეების უფლება-მოვალეობებს, მონაცემთა ხარისხის კონტროლის მექანიზმებს და მართვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების პრინციპებს.

მონიტორინგისა და შეფასების ღონისძიებებთან დაკავშირებული ბიუჯეტი განსაზღვრულია კომპაქტით და შეადგენს 3.5 მილიონ აშშ დოლარს. გეგმა დეტალურად აღწერს ბიუჯეტის მუხლებს და განმარტავს გასატარებელი ღონისძიებების მიზანშეწონილობას.

დასკვნით ნაწილში მონიტორინგისა და შეფასების გეგმა მოიცავს კომპაქტით განსაზღვრული მიზნების რეალიზებასთან დაკავშირებული რისკების ანალიზს და მათი მინიმიზაციის გზებს.

მონიტორინგისა და შეფასების გეგმა წარმოადგენს სამუშაო დოკუმენტს, რომელიც ექვემდებარება ცვლილებების შეტანას კომპაქტის მიმდინარეობის შედეგად დამდგარი საჭიროებებიდან გამომდინარე. აღნიშნული ცვლილებები ექვემდებარება დამტკიცებას ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს მხრიდან.